ბათუმის საზღვაო პორტში მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა

Batumi Port

ბათუმის საზღვაო პორტში საზეიმო ვითარებაში გაიმართა კაპიტალური რემონტის შემდეგ განახლებული, ორსართულიანი მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობის გახსნა. შენობის საერთო ფართობი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს და იგი სრულად არის ადაპტირებული თანამედროვე სამუშაო სივრცის ორგანიზების მოთხოვნებთან.

შენობა აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ტექნიკით, ერგონომიული ავეჯითა და საჭირო ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და ეფექტიან სამუშაო გარემოს. პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის ტექნიკურ საიმედოობასა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვას.

ობიექტი საზეიმოდ გახსნა ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა, ულან ტლეუგალიმ. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა პორტის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია და კომპანია გეგმავს გააგრძელოს ინვესტიციები პორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.

ახალ საოფისე სივრცეში განთავსდა როგორც პორტის ადმინისტრაციული ქვედანაყოფები, ისე რიგი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობები, რაც ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების ეფექტიანობის ზრდასა და პორტსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.